***
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
…გულში
ღიმილით
ვიტყვი: –
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! –
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, –
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად –
ღ ა ლ ა ტ ი ა ო
მ ა გ გ ვ ა რ ი
ფ ი ქ რ ი !
მ. მაჭავარიანი